მოამბისთვის ცნობილი ხდება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის რამდენიმე ახალი დეტალი. ჩვენმა ჟურნალისტმა ექსკლუზიურად მოიპოვა ბრალის დადგენილება, რომელიც პანკისის ხეობაში ორი დღის წინ დაკავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთის მიმართაა შედგენილი.
როგორც ირკვევა, 18 საათიანი ოპერაციის განმავლობაში, ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს კონკრეტულ ულტიმატუმს უყენებდა. ამავე დადგენილების მიხედვით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა ერთადერთი ადგილი არ ყოფილა, სადაც ტერორიზმში ბრალდებულები საქართველოში შემოსვლის შემდეგ ცხოვრობდნენ.
სწორედ პანკისში აყვანილ პირებს ედავება გამოძიება ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ქვეყანაში შემოყვანას და მათ დაბინავებას. თუმცა, ჩატაევთან კავშირს არცერთი მათგანი არ აღიარებს.