ტერორიზმის ხელშეწყობის საქმე

ცნობილი ხდება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეც-ოპერაციის საქმის დღემდე გაუხმაურებელი გარემოებები.

„მოამბემ“ ექსკლუზიურად მოიპოვა იმ ადამიანის ჩვენება, რომელიც ტერორიზმის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, თუმცა მის შესახებ დღემდე არაფერი იყო ცნობილი. როგორც საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, შ.ქ.-ს უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა იმ ორ პირთან, რომლებიც 22 ნოემბერს ჩატარებული სპეც-ოპერაციის დროს ახმედ ჩატაევთან ერთად ერთ ბინაში იმყოფებოდნენ. ჩვენებაში დეტალურად არის აღწერილი, რა დავალებებს იღებდნენ აბუ ჰურეირა და ასლანბეკ სოლდატმადოვი დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელისგან და როგორ აღმოჩნდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი.

ჩვენი ჟურნალისტისთვის ხელმისაწვდომი გახდა საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომლის მიხედვით ჩატაევს და მის პირად დაცვას საქართველოში შემოსვლის დროს ე.წ. შაჰიდის ქამრები ეკეთათ.