ტერორიზმის ხელშეწყობის საქმე

ახალი გარემოება ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სპეც-ოპერაციის საქმიდან. ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ახმედ ჩატაევმა 2017 წლის 22 ნომბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე ოპერაციის დროს თავი ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა.

„მოამბისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება ამავე საქმეზე დაკავებულთა აუდიო-ჩვენებებიც. ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ ჩატაევს და მის დაჯგუფებას ქვეყანაში შემოღწევის სამი გეგმა ჰქონდათ შემუშავებული. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებიდან სამმა პირმა თურქეთში მყოფი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს საზღვრამდე მოაცილა, სხვა ორი ბრალდებული კი ჩატაევს აჭარიდან თბილისამდე ტრანსპორტირებაში დაეხმარა. აღმოჩნდა, რომ გახმაურებულ საქმეს კიდევ ერთი ფიგურანტი ჰყავს, რომლის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ გავრცელებულა. საუბარია თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ჩატაევს ქალაქ ხოფაში მასპინძლობდა.