ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად დასახელდა - რა შეფასებას აძლევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს და რატომ მიიჩნევენ ოპოზიციის ძირითადი აქტორები, რომ ზოგჯერ სახელმწიფო დეპარტამენტიც ცდება

არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშს.

საუბარია 2019 წლის შემაჯამებელ დოკუმენტზე, სადაც ტერორიზმის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში გატარებული ზომები მაღალ დონეზეა შეფასებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ამ დანაშაულთან ბრძოლაში წამყვან უწყებადაა დასახელებული. ავტორები დადებითად აფასებენ კონტრტერორისტული კანონმდებლობის გასაძლიერებლად გადადგმულ ნაბიჯებსაც.

საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტში საქართველოს დადებითად პოზიციონირების მიუხედავად, ანგარიშს სკეპტიკოსები მაინც გამოუჩნდნენ. ოპოზიციის ნაწილი სუს-თან დაკავშირებულ შეფასებებს კატეგორიულად არ ეთანხმება.