პანკისში დაკავებულთა რეზონანსული საქმე – ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებული ხუთი პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასამართლო პროცესები მედიისთვის დახურული იქნება. გამოძიება ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან პანკისის ხეობის ორი სოფლის მცხოვრებთა კავშირს რამდენიმე მტკიცებულებით ამყარებს. მათ შორისაა აუდიო და ვიდეოჩანაწერები, ასევე ე.წ. ფიცის დადებისა და აისისის სიმბოლიკის დემონსტრირების ამსახველი მასალები.
ბრალდებულებიდან ერთი ის ადამიანია, რომელმაც, სუს-ის ინფორმაციით, დანარჩენი ოთხი ტერორისტულ ორგანიზაციაში გააწევრიანა. თუ საგამოძიებო მასალებს დავეყრდნობით, სოფელ ქორეთისა და დუისის მცხოვრებლები სირიაში გამგზავრებას აპირებდნენ, მანამდე კი კონკრეტულ ქმედებებს გეგმავდნენ და სირიამდე ჩაღწევის მარშრუტს ათანხმებდნენ.