ტერაქტი ანკარაში

თურქეთის პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველა მეგობარ ქვეყანას, გამოთქმული სამძიმრისთვის და სოლიდარობისთვის. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრიქსის სამიტზე განაცხადა, გუშინ მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ კიდევ უფრო გააძლიერა თურქეთის მტკიცე გადაწყვეტილება, აღმოფხვრას ტერორიზმი. თურქეთის ავიაკოსმოსური სახელმწიფო კომპანიის შტაბ-ბინაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 22 ადამიანი. ორი თავდამსხმელი განეიტრალებულია. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ თავდასხმის უკან „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას. თავდასხმაზე საპასუხოდ, თურქეთმა ერაყსა და სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებთან დაკავშირებულ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერაყსა და სირიაში საპასუხო იერიშის დროს განადგურდა ტერორისტების კუთვნილი 47 სამიზნე.