ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის ახალი თემა. ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის შემდეგ გამართულ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა ოპოზიციის ნაწილის მთავარი ორიენტირი ხდება. ვადის ათვლა დაწყებულია – მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ მოწყობილი აქციის ორგანიზატორები პრემიერს და მთავრობის წევრებს პოსტების დასატოვებლად ვადას 3 ივლისამდე აძლევენ, მანამდე კი მხარდამჭერების მობილიზების მიზნით
რეგიონებში გადიან. მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან პირველი პოლარიზაციის შემცირებაა, პირიქით, შიდა პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო იზრდება.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისმის ულტიმატუმიც, მათ შორის „ლელოს“ მხრიდან, რომელიც საკრებულოებსა და პარლამენტში მუშაობის გადახედვას აანონსებს. გეგმის მიხედვით, ეროვნული თანხმობის მთავრობა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა დააკომპლექტოს. თუმცა, იდეის ავტორებს ახსენებენ, რომ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მთავარი გზა არა მთავრობაზე, არამედ პარლამენტზე გადის, სადაც უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“.