სააპელაციო სასამართლოში თემურ ბასილიას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. ზემდგომი ინსტანცია ედუარდ შევარდნაძის ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის განაჩენის გადახედვის საკითხზე მსჯელობს.
პროცესზე ორ მოწმეს მოუსმინეს, სადაც ინტელექტბანკის დამფუძნებელი და პარლამენტის ყოფილი წევრი კახა გიუაშვილი, ასევე ინტელექტბანკის ყოფილი აქციონერი ვლადიმერ ჭანიშვილი დაიკითხნენ.
მოწმეებმა თქვეს, რომ 2006 წელს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ზეწოლით ბასილიას წინააღმდეგ მტკიცებულებები გაყალბდა, სისხლის სამართლებრივი დევნა კი უკანონოდ დაიწყო.
თემურ ბასილია 2008 წელს ქრთამის აღებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დამნაშავედ დაუსწრებლად ცნეს. მას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.
სააპელაციო სასამართლოში ბასილიას ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვას და მის გაუქმებას ითხოვენ.