გზავნილი, რომელმაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თემა გაააქტიურა.
ამჯერადაც რეზონანსული აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ბიძის განცხადება. თემურ ალასანიასთვის აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის არამშვიდობიანი გზით დაბრუნების იდეა მისაღებია. ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე გაჟღერებული პოზიცია ოფიციალური თბილისის მხრიდან ომისკენ პირდაპირ მოწოდებად იკითხება. ამ კონტექსტში დღეს არაერთხელ გაიხსენეს უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე უკრაინელი ცალკეული მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობდა. ყოფილი პრეზიდენტის ბიძის პოზიცია მკვეთრ წინააღმდეგობაშია „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკასთან, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მხოლოდ მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული სამშვიდობო პოლიტიკით დაბრუნებას ითვალისწინებს. ალასანიას მიმართვაში იყო სხვა საინტერესო აქცენტებიც. გაყოფილი, გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საქართველო დემოკრატიის ინდიკატორია „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის ბიძისთვის, რომლის აზრს მიხეილ სააკაშვილზე განსაკუთრებული გავლენა აქვს.