თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, პარლამენტის ბიუროს დადგენილების პროექტი წარედგინა. პროექტის ინიციატორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი“. კერძოდ, ვინ გასცა ბრძანება და რის საფუძველზე, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორციელდა პირის ლიკვიდაცია.
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით.