ტელეკომპანია „სიენენმა“ საქართველოს ნაკრების წარმატებას საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა. სიუჟეტი პორტუგალიასთან დაპირისპირების პირველივე წუთებზე, ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლით და კომენტატორების ემოციებით იწყება. ავტორი ამბობს, რომ ეს ემოციები ყველაფერს ჰყვება და რომ ახლა საქართველო ისტორიას წერს. რეპორტაჟში ის კადრებიცაა ნაჩვენები, სადაც თამაშის ბოლოს კვარაცხელია კრიშტიანუ რონალდუსთან მიდის და პატივისცემას გამოხატავს. რეპორტაჟში მოხვდა თბილისის ქუჩებიც, სადაც ისტორიული გამარჯვება ხმაურიანად იზეიმეს. ტელეკომპანიამ ინტერვიუ ჩაწერა ოთარ კიტეიშვილთან, რომელიც „სიენენთან“ საკუთარ და თანაგუნდელების ემოციებზე საუბრობს და აფასებს თამაშს.