საფრანგეთს „ტელეგრამის“ დამფუძნებლის პაველ დუროვის ძმაც ძებნილთა სიაში ჰყავს შეყვანილი. ნიკოლაი დუროვის დასაკავებლად ორდერი მარტში გაიცა. დოკუმენტი, რომელსაც გამოცემა „პოლიტიკო“ ექსკლუზიურად გაეცნო, აჩვენებს, რომ ტელეგრამის მიმართ ფარული გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო და უფრო ფართოა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი. საუბარია მიმდინარე საქმეში ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ტელეგრამის უარზე. კერძოდ, გამოძიება სასამართლოს საშუალებით ითხოვდა ტელეგრამის მომხმარებლის იდენტიფიცირებას, რაც არ მოხდა. რის შემდეგაც საფრანგეთმა დუროვების დაკავების ორდერი გამოსცა. 24 აგვისტოს, საფრანგეთის აეროპორტში დაკავებული პაველ დუროვისთვის წინასწარი დაკავების 96-საათიანი ვადა დღეს იწურება, რის შემდეგაც ფრანგმა სამართალდამცველებმა ის უნდა გაათავისუფლონ, ან სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, სადაც მისი შემდგომი ბედის შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.