საქართველოს პირველ არხზე 30 მარტიდან პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყება.
განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროექტი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთი სატელევიზიო არხითა და ონლაინ პლატფორმით, სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. გაკვეთილები ეთერში გადაიცემა ყოფილ მეორე არხზე, რომელსაც სახელი შეეცვალა და „პირველი არხი განათლება“ დაერქვა.
საქართველოს პირველ არხზე პროექტის მზადების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მღლაფერიძე მონაწილეობდნენ. სამინისტროსთან ერთად შეიქმნილი გაკვეთილების ცხრილი, კლასების მიხედვით მოიცავს იმ საგანებს, რომლებსაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა. ტელე-გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ სექტორებს. გარდა ამისა „ტელე-სკოლის“ ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ კლასგარეშე სანახავი გაკვეთილებიც, რომლებიც შაბათ-კვირის საეთერო ბადეში იქნება განთავსებული. ეს საგნებია: ხალხური სიმღერის გაკვეთილები, ცეკვის გაკვეთილები, პროგრამირება და დათო ევგენიძის მუსიკის გაკვეთილები. არხი მაყურებელს შესთავაზებს „არტეს„ და “ბი ბი სის“ მიერ წარმოებულ დოკუმენტურ-შემეცნებით ფილმებს, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ.