თბილისი ცხოვრების მეტ-ნაკლებად ნორმალურ რეჟიმს დიდი ალბათობით პირველი მარტიდან დაუბრუნდება. სწორედ ამ პერიოდისთვის გადაიწია სკოლების და ტრანსპორტის გახსნამ. თუმცა, ნოემბრის ბოლოს დაანონსებული გეგმა ძალაში დარჩა, რაც ნიშნავს, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ობიექტები და არასასურსათო მაღაზიები მუშაობას განაახლებენ. მთავარი პირობა თანამშრომლების გეგმიური ტესტირებაა.
თებერვლიდან შეზღუდვები მთლიანად იხსნება აჭარაში, სადაც შემოდგომის ეპიდ-აფეთქების შემდეგ ახლა ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არის გაუმჯობესებული. თბილისის, ქუთაისის და რუსთავის გარდა პირველი თებერვლიდან სკოლები მოსწავლეებს კვლავ კლასებში მიიღებენ. გაურკვეველი ვადით ჩაკეტილი რჩება ტურიზმი, ასევე მთის კურორტები, რის გამოც სფეროს წარმომადგენლები უკმაყოფილოები არიან.