კოსტავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები რამდენიმე ადამიანს ეძებენ. ორი გარდაცვლილი და ხუთი დაჭრილი – ასეთია იმ დაპირისპირების შედეგი, რომელიც ღამით კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირებაში ათამდე პირი მონაწილეობდა. დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ტერიტორია დაათვალიერეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმაც. იქ, სადაც სავარაუდოდ ინციდენტი მოხდა, სახანძრო სამსახურიც იყო გამოძახებული, სავარაუდოდ, სისხლის კვალის გადასარეცხად. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება ფინანსების გადანაწილებას უკავშირდებოდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა და დაინახეს ერთი პირი როგორ გადახტა შენობიდან და გაქცევას შეეცადა. მათი ცნობით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები ადგილობრივი მცხოვრებლები არ ყოფილან. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხეჩინაშვილისა და ალადაშვილის სახელობის კლინიკებში არიან გადაყვანილები. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.