თბილისში, ისტორიულ შენობებზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილესთან დაკავშირებით, კერამიკული აბრები განთავსდა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა. ხელნაკეთი აბრები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.
საინფორმაციო აბრები ძველ თბილისში იმ სახლებზე განთავსდა, რომლებიც საკუთარი ისტორიით საქართველოს პირველ რესპუბლიკასთანაა დაკავშირებული. ეს ის ისტორიული შენობებია, სადაც 1918-1921 წლებში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები იყო განთავსებული ან მათში იმ პერიოდის თვალსაჩინო სახელმწიფო, საზოგადო თუ კულტურის მოღვაწეები ცხოვრობდნენ, ან მოღვაწეობდნენ.
ქართული თიხისგან დამზადებულ ხელნაკეთ კერამიკულ აბრებზე დატანილი ინფორმაცია კონკრეტული შენობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს და ის ხანგრძლივი სამეცნიერო, საარქივო თუ სხვა კვლევების შედეგად, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის გზით არის შექმნილი.