თბილისში ელექტროავტობუსმა სატესტო რეჟიმში მუშაობა დაიწყო

თბილისში პირველმა ელექტროავტობუსმა დაიწყო მოძრაობა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ელქტროავტობუსით სატრანსპორტო კომპანიის და კომპანია „ფრეგობასის” ხელმძღვანელებთან ერთად იმგზავრა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ავტობუსი 100%-ით ელექტრო, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა, რომელსაც გამონაბოლქვი არ აქვს. ერთი დამუხტვით, რომელსაც სამი საათი ესაჭიროება, ავტობუსი 250 კმ-ს გადის. დასამუხტი მოწყობილობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკშია განთავსებული.

„განვითარებული ქვეყნები აპირებენ 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას. ზოგადად, ეს მიმართულება თანდათან თანამედროვე მსოფლიოში იხვეწება და ჩვენც არ ვიქნებით გამონაკლისი. დედაქალაქსაც ეყოლება ელექტროავტობუსები. ვნახავთ, როგორი ინფრასტრუქტურა სჭირდება, როგორ უნდა მოეწყოს ყველაფერი და მომდევნო წლების განმავლობაში, აუცილებლად შემოვიყვანთ ელექტროავტობუსებს. ასევე ვმუშაობთ ავტობუსების ქარხნის აშენების საკითხზე და რამდენად  იქნება შესაძლებელი,  მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.

ელექტროავტობუსი ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს და  სატრანსპორტო კომპანია მისი ელექტროენერგიის ხარჯვის პროცესს დააკვირდება.