უფლებამოსილების ამოწურვამდე ხუთი თვით ადრე კახა კალაძემ სფეროების მიხედვით ანგარიშების წარდგენა დაიწყო.
დღევანდელი პრეზენტაცია დედაქალაქის ურბანულ პოლიტიკას და ამ კუთხით გატარებულ რეფორმებს დაეთმო. მთავარ მიღწევად ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცება და ის რეგულაციები სახელდება, რომელთა მიხედვით რეკრეაციულ ზონებში მშენებლობები იკრძალება, სამშენებლო კოეფიციენტებზე კი ლიმიტია დაწესებული. ქალაქის მთავრობა პრიორიტეტად ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მეტი მწვანე სივრცის შექმნას ასახელებს. ცალკე გამოწვევაა ქალაქის ისტორიული უბნების იერსახის აღდგენა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნების შემდეგ მერია სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებას სხვა ისტორიულ უბნებშიც აანონსებს.