თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასში საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა
პირველივე დღეს თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასში საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა. პროტესტის ნიშნად მშობლებმა შვილებს საკლასო ოთახი დაატოვებინეს. მიზეზად, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ბავშვებისათვის სახიფათო გარემო სახელდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა თბილისის იმ 25 სკოლას შორისაა, რომელთა რეაბილიტაცია ეტაპობრივად, ევროსაბჭოს განვითარების ბანკის პროექტში განხორციელდება. თუმცა რეაბილიტაციის დაწყებისა და დასრულების ვადებს სამინისტროში არ აკონკრეტებენ.
მშობლების ნაწილი დღეს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. დეპუტატის განცხადებით, კომიტეტი ამ საკითხით დაინტერესდება. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პირველ არხს დღეს დაწესებულებაში კადრების გადაღების უფლება არ მისცა და არც კომენტარი გააკეთა.