თბილისი მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში

„თბილისი – ევროპის ყველაზე უსაფრთხო ადგილი მოგზაურობისთვის“ – European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე საქართველოს დედაქალაქმა პირველი ადგილი დაიკავა.  „თბილისი არის „კოვიდ 19“-ით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნის საქართველოს დედაქალაქი. საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება, რამაც ეპიდემიის უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნების საშუალება მისცა. ქვეყანაში “კოვიდ-19–ის”  260-ჯერ ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში. ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის პირველ ივლისს ხსნის და შესაბამისად ნერგავს უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაიცვას მოგზაურებისა და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მისცეს მათ საშუალება, ისიამოვნონ უსაფრთხო დასვენებით საქართველოში“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. რეიტინგში ასევე მოხვდა ბათუმი, რომელიც მეშვიდე ადგილს იკავებს.