თავმჯდომარის არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულდა. ბოლო მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნებში 50 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

28-29 იანვარს ელექტრონული ფორმით დაგეგმილი არჩევნები გადაწყვეტს, ვინ ჩაიბარებს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას წლით. ორ მთავარ კანდიდატს – ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილს შორის მწვავე დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების გამო საარჩევნო მარათონი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ხაბეიშვილის ფრთა გამარჯვების შემთხვევაში ელექტორატს მიხეილ სააკაშვილის პარტიად დარჩენას და წინააღმდეგობის ყველა დონეზე გაძლიერებას ჰპირდება, მოქმედი თავმჯდომარის გუნდი კი დარწმუნებულია, რომ კონკურენტის გამარჯვებას პარტიაში არაფორმალური გავლენების გაძლიერება და „ნაციონალური მოძრაობის“ „რუხი კარდინალების“ მხრიდან მართვა მოჰყვება. იგულისხმებიან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი.

გამარჯვებაში ორივე მხარე დარწმუნებულია.