„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა. თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის 51-ე, ხოლო სახელმწიფოთა შორის 50-ე ადგილზე გავიდა, სტატუსით „ზომიერად თავისუფალი“. თავისუფლების დონით საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს. თავისუფლების ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანასა და ტერიტორიას ყოფს ოთხ კატეგორიად: მაღალი თავისუფლება; ზომიერი თავისუფლება; თავისუფლების დაბალი დონე და თავისუფლების უდაბლესი დონე.
ორგანიზაცია თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. თავისუფლების შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით საქართველომ 73,38 პროცენტი მიიღო. კეთილდღეობის ინდექსში 74,99 პროცენტის და მსოფლიოში 46-ე ადგილზეა. კეთილდღეობის შეფასება ეფუძნება ექვს საყრდენს: შემოსავლების დონე; გარემოს დაცვა; უმცირესობების ინტერესების დაცულობა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; განათლება; თანასწორობა. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო.