ომანის ყურეში მცურავ ნავთობმზიდზე ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა. აღნიშნული პირი და ეკიპაჟის სხვა წევრები ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, ნორვეგიული კომპანია, რომელსაც ეკუთვნის მარშალის დროშის ქვეშ მცურავი გემი, ყველა შესაბამის ზომას მიიღებს უსაფრთხოების ნორმების დასაცავად.
რაც შეეხება მეორე გემს, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავდა, იქ ქართველების ყოფნა არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, დღეს ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. ნორვეგიული გამოცემის ცნობით, „ფრონტლაინის“ კუთვნილი ნავთობმზიდი, 75 ათასი ტონა ნავთობით იყო დატვირთული. არსებული ინფორმაციით, ბორტზე სამი აფეთქება მოხდა. ბოლო ცნობებით, მსხვერპლი არ არის.