გასულ ღამეს ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორისაა ბავშვი. ამის შესახებ სამხრეთ ღაზაში მდებარე საავადმყოფოში განაცხადეს. პალესტინის სამოქალაქო დაცვის ჯგუფმა კი განაცხადა, რომ ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შენობებში გარდაცვლილი ადამიანები ნახეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს ქალაქ რაფაჰში სამხედრო ზეწოლას „ჰამასზე“, რადგან „ჰამასის“ უახლესი შემოთავაზება ზავის შესახებ შორს არის ისრაელის მოთხოვნებისგან. რაფაჰზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება თეთრი სახლიც. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ბაიდენმა ნეთანიაჰუს კიდევ ერთხელ გაუმეორა ამერიკის პოზიცია. კირბის თქმით, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ რაფაჰში ოპერაცია მილიონზე მეტ უდანაშაულო ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ.