ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ლიბანში მოქმედ შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ განაცხადეს, რომ მათი სამიზნე ისრაელის სამრეწველო და სამხედრო ობიექტები იყო. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო განგაშის სირენები მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. მათივე ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ ნასროლი 105 რაკეტიდან უმეტესობა ჩამოგდებულია, თუმცა ზოგიერთი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. პარალელურად, ისრაელიც განაგრძობს ავიაიერიშებს ლიბანის ტერიტორიაზე. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებსა და გოლანის მაღლობების სამხრეთ ნაწილში ახალი შეზღუდვები დააწესეს. კერძოდ, შეიზღუდა მასობრივი შეკრებების გამართვა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში.