ტრამპზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და გმობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის, სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს. დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ და მასზე ჩვენი ოპოზიციის და მათი ენჯეოების რეაქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება წყალგამყოფი ომსა და მშვიდობას შორის. უცხოეთიდან მართული ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ჩვენი ქვეყნის დაბეჩავებას, შიდა არეულობას, ეკონომიკის ჩამოშლას და ცეცხლის ალში საქართველოს გახვევას ნიშნავს.“- წერს შალვა პაპუაშვილი.
პენსილვანიაში სროლის ფაქტს ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძეც. „პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა.“- წერს მდინარაძე. „გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა”- ასე კი მომხდარს თბილისის მერი ეხმაურება. კახა კალაძე წერს: “ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი“, – წერს კალაძე.