თავდასხმა ცხრამუხას დედათა მონასტერზე - დაშავებულის მდგომარეობა

ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა ცხრამუხას დედათა მონასტერზე თავდასხმის შედეგად დაშავებული მონაზვნის მდგომარეობა. ის კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 70 წლის მონაზონს სახისა და სხეულის არეში სხვადასხვა ტიპის მძიმე დაზიანება აქვს, რის გამოც, ხაშურის კლინიკიდან ის თბილისში გუშინვე გადმოიყვანეს. ექიმები ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ ორ პირს, 27 და 39 წლის მამაკაცებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.  შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობები ერთ-ერთ მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, 27 წლის მამაკაცი ოჯახური ძალადობის, ხოლო 39 წლის ბრალდებული ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულის ფაქტზე გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს საპატიმრო დაწესებულებაში 13 წლის გატარება მოუწევთ.