უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა ცესკო-ს გუშინდელ სხდომაზე მომხდარი ინციდენტი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დავით კირთაძეს მადლობას უხდიან და ამბობენ, რომ გიორგი კალანდარიშვილმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა. მმართველ გუნდში კი ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრის საქციელს სამარცხვინოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა. აღნიშნულ ფაქტზე ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.