თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე - ომის მეცხრე დღე

მსოფლიო ბირთვულ კატასტროფას გადაურჩა.

ომის დაწყების შემდეგ 4 მარტის ღამე უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. რუსეთის იერიშების სამიზნე უკრაინაში მდებარე ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური გახდა. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მიმართულებით ჭურვების სროლას ხანძარი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, რადიაციის დონის მატება არ ფიქსირდება. ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარე და ექვსი ენერგო-ბლოკისგან შემდგარი სადგური ამ მომენტისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების ალყაშია მოქცეული. ქვეყნის პრეზიდენტი მსოფლიოს ჩერნობილის ტრაგედიის უმძიმეს შედეგებს ახსენებს, რუსეთს ბირთვულ ტერორისტად მოიხსენიებს და დასავლეთს სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებს. სარაკეტო თავდასხმების შესაჩერებლად ოფიციალური კიევის მთავარი მოთხოვნაა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაიხუროს. ქვეყნის რამდენიმე ქალაქი საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია. ალყაშია მარიუპოლი. მტრის მთავარ ამოცანად რჩება დედაქალაქის ალყაში მოქცევაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭურვის ფრაგმენტები მოხვდა ზელენსკის საზაფხულო რეზიდენციას.