ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრები გრძელდება. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე დღეიდან, საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებიც ჩაერთნენ. სხდომაზე პარტნიორები უკრაინის საზღვრების გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელებენ. დისკუსიის დაწყებამდე ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ესაუბრა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე შეხვდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს. თავდაცვის მინისტრმა ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ალიანსში გაწევრიანების გზაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ისაუბრეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ნატო-ს მტკიცე პოზიციასა და ღია კარის პრინციპის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მინისტრის განცხადებით, ნატო-სთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს.