ზაალ ანდრონიკაშვილი, რომელიც პრესკონფერენციიდან პირდაპირ ეთერში სინქრონულად თარგმნიდა ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის განცხადებებს, აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის განცხადების თარგმნისას, სრულიად შეგნებულად ახსენა ე.წ. აგენტების კანონი. თარჯიმანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანცლერმა ახსენა „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მაგრამ რადგან ეს ქართველი მსმენელისთვის გაუგებარი იყო, სრულიად შეგნებულად მოიხსენია კანონის ის სათაური, რომლითაც მას ქართველი მსმენელი იცნობს.
ზაალ ანდრონიკაშვილის განცხადებით, „ამით არანაირად არ იცვლება ის შინაარსი, რომ კონკრეტულად ეს კანონი, რომელიც არასამთავრობოების კონტროლს გულისხმობს, კანცლერმა მიიჩნია ევროპული ფასეულობებისთვის სრულიად შეუსაბამოდ“, – დაწერა თარჯიმანმა სოციალურ ქსელში და მოგვიანებით განმარტებები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერშიც გააკეთა. თარჯიმანმა ამით პრემიერ-მინისტრს უპასუხა, რომელმაც თარჯიმნის მიერ ოლაფ შოლცის სიტყვების განსხვავებულად თარგმნის შესახებ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.