საქართველოს განათლების სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის, – „თარგმნილი პიესა 2019,“ – გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
პირველად კონკურსის არსებობის განმავლობაში, პირველი პრემია წელს სამმა თარგმნილმა პიესამ დაიმსახურა. 5 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ, კონკურსზე წარდგენილი 23 პიესიდან, სამივე, თანაბარი, უმაღლესი ქულით შეაფასა. გამარჯვებულები, – ქეთი ქანთარია, გიგი გულედანი და ნინო ახვლედიანი, – ფულადი პრემიებითა და ფონდის პრიზით, „თუმანიშვილის ვაშლით“ დაჯილდოვდნენ.
თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. პროექტი ორი კონკურსისაგან შედგება. ესენია: „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა.“
კონკურსები ყოველწლიურად მონაცვლეობით ტარდება.