თაღლითური სქემა კეზერაშვილის ორგანიზებით - „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება

ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმი, რომელიც თაღლითურ სქემასთან დავით კეზერაშვილის კავშირებზე გვიყვება, ერთსაათიანია. საგამოძიებო მასალაში აღნიშნული სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ის „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონ ჯგუფის“ სახელწოდებით. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონ ჯგუფსა“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. აღნიშნულ სქემაში ჩართული ყველა კომპანიის კვალი მიდის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან. „ბიბისის“ ჟურნალისტი ლონდონში, კეზერაშვილთან 18 მილიონად შეფასებულ სახლში ინტერვიუს ჩაწერის მიზნით მივიდა, თუმცა კეზერაშვილი მასთან არ გამოჩნდა. „ბიბისიმ“ ასევე გადაამოწმა იმ ოთხი პირის სოციალური ქსელები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებენ. ამ ქსელებში განთავსებული სხვადასხვა წვეულებისა თუ ქორწილების ფოტოებიდან ირკვევა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართულ ოთხივე პირს ახლო კავშირი აქვს კეზერაშვილთან.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, შემდეგ კი საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. ფილმში ასევე ნაჩვენებია ერთ-ერთი საპოლიციო რეიდის კადრები, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და რომელიც საქართველოში ჩატარდა. „ბიბისის“ ინტერვიუები აქვს ჩაწერილი თაღლითური სქემის რამდენიმე მსხვერპლთან და ე.წ. ქოლცენტრებში დასაქმებულებთან. დაზარალებული პენსიონერი ცოლ-ქმარი ფილმში ყვება, რომ მათ 340 ათასი ფუნტი დაკარგეს.