ამ წუთის მონაცემებით კიოლნის სტადიონზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი 10 000-ვე ადგილი გაყიდულია.
ფასების მიხედვით ოთხ კატეგორიად დაყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ვებ-გვერდზე დილის 12 საათზე დაიწყო და რეკორდულად მცირე დროში დასრულდა. 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე „რეინენერგი-შტადიონზე“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ქართველი ქომაგები ახლა გერმანიაში გასამგზავრებლად ემზადებიან. დანიშნულია ოთხი ჩარტერული პირდაპირი ავიარეისი, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე საჭირო გახდა კიდევ სამი რეისის დამატება. შვიდივე რეისზე ბილეთების ფასი მთავრობის მიერ არის სუბსიდირებული. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები გრძელდება. ფრენები ხვალ და ზეგ შესრულდება. ეროვნული ჰიმნი, ხუთჯვრიანი დროშებით მოფენილი ტრიბუნები, განსაკუთრებული ემოციები – კვირას ქალაქი კიოლნი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის თამაშს უმასპინძლებს.