ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის მიერ განათლების მინისტრისთვის მიცემული ვადა დაახლოებით სამ საათში იწურება. სტუდენტებს, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვენ, მინისტრთან შეხვედრა სურთ და იმ შემთხვევაში, თუ ეს შეხვედრა 21:00 საათამდე არ შედგება, ისინი პარლამენტში გადაინაცვლებენ და აქციას იქ განაგრძობენ.
სტუდენტები ამბობენ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, რის გამოც მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
დღეს „მოამბესთან“ კომენტარი გააკეთა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომელმაც განაცხადა, რომ სტუდენტებმა გარკვეული პერიოდის წინ გამართულ შეხვედრაზე უკვე მიიღეს ამომწურავი პასუხები რექტორის ნასამართლეობის შესახებ, ამიტომ ის მიმდინარე აქციას პოლიტიკურად მართულს უწოდებს.