სტრასბურგმა სააკაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

კიდევ ერთი უარი სტრასბურგიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი ეთქვა. გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლება კლინიკა „ვივამედში“ მყოფ ექს-პრეზიდენტს ექიმების რეკომენდაციების შესრულებისა და საჭირო საკვები კალორაჟის მიღებისკენ მოუწოდებს. უარის მიუხედავად, სააკაშვილის გარემოცვა სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საგანგებო შეხვედრა დასრულდა. ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილობრივმა სასამართლო ინსტანციებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგიდან უარი მიიღო. 2021 წლის ნოემბერში სტრასბურგმა ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის და დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.