ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი წერილი, რომელიც მხარეთა შორის ახალი დავის მიზეზი გახდა.
გადაიყვანეს თუ არა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე. 19 ნოემბრით დათარიღებული წერილი გუშინ გვიან სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა. წერილში ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლო სახელმწიფოს ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ავალებს, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ადეკვატური მკურნალობა გაუწიოს. სასამართლო იმავე წერილში სააკაშვილს მოუწოდებს უპირობოდ შეწყვიტოს შიმშილობა. სახალხო დამცველი და სააკაშვილის ადვოკატები ვარაუდობენ რომ იუსტიციის სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების შესახებ იცოდა და სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სწორედ ამიტომ გადაიყვანეს. თავად იუსტიციის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათი შეთავაზება სააკაშვილის გორში გადაყვანასთან დაკავშირებით სტრასბურგიდან დოკუმენტის მიღებამდე ექვსი საათით ადრე შედგა. ამის დასადასტურებლად უწყებამ ევროპულ სასამართლოსთან ოფიციალური მიმოწერის ამსახველი დოკუმენტიც გამოაქვეყნა.