სტრასბურგიდან მიღებულმა უარმა პოლიტიკური ვნებათაღელვა გაამძაფრა.
მმართველი გუნდი ცალკეული უცხოელი პარტნიორებისგან, ყოფილი სახალხო დამცველისგან და მესამე სექტორის ნაწილისგან განმარტებებს და ბოდიშს ითხოვს. განცხადებების მთავარი ადრესატი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეა, რომელმაც ორი წლის წინ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის სარჩელის მიღებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უარი ხელისუფლებისთვის ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლების კიდევ ერთი დასტურია. მაშინ მოსამართლე ჩხიკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა, კითხვები ჰქონდა ამერიკის იმდროინდელ ელჩსაც. მმართველ გუნდს დღეს არც ის გადაწყვეტილება დავიწყებია, რომელიც გახმაურებულ საქმეზე გამოტანილი განაჩენიდან მალევე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით გახმაურდა. 2019 წლიდან სასამართლოში უვადოდ გამწესებული მოსამართლე აშშ-ში დაგეგმილი სასწავლო პროგრამის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს.