უარი ნიკა გვარამიას. ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
ინფორმაცია პოლიტიკაში დაბრუნებულმა გვარამიამ თავად გაავრცელა. „მთავარის“ დამფუძნებელი 2022 წელს მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლითაც გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეპიზოდში დამნაშავეს სცნეს და საპატიმრო სასჯელი მიუსაჯეს. ერთი წლის და ერთი თვის თავზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მის განცხადებაში სტრასბურგის სასამართლოს მიმართ პრეტენზიის და უკმაყოფილების ტონიც იკითხება. საქართველოდან გაგზავნილი კიდევ ერთი საჩივრის მიღებაზე უარი „ქართული ოცნებისთვის“ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის მორიგი მაგალითი და ოპოზიციის მიერ ინიცირებული ე.წ. ვეტინგის საწინააღმდეგო დამატებითი არგუმენტია. გვარამიას საქმის გარდა ე.წ. ვეტინგის სადავო მოდელის თემა დღეს ევროკავშირის ელჩის განცხადებამაც გაააქტიურა. ვნებათაღელვა არ ცხრება მოსამართლეებს შორისაც.