„არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში”- ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში. როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. პირველი საქმე ეხება 2005 წელს პარლამენტის წევრზე განხორციელებულ თავდასხმას, ხოლო მეორე საქმე სააკაშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცრის შეწყალებას. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ორივე საქმის განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2012 წელს, ახალ ჩამოყალიბებულმა მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება მათ პრიორიტეტი იქნებოდა. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ სააკაშვილის საქმეების განხილვისას არ ყოფილა დარღვეული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, როლებიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას და დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად დასწრების უფლებას. კერძოდ, ეს უკავშირდება წუხილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიხილავდნენ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებებს ან ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წამოწყებული მეორე საქმის მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, – ნათქვამია პრესრელიზში. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, არ დაადგინა ევროპული კონვენციის მეშვიდე მუხლის დარღვევაც, რომელიც ეხება კანონის გარეშე დასჯის დაუშვებლობას. „ბატონ სააკაშვილს შეეძლო, გონივრულად განეჭვრიტა, საქმის კონკრეტულ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მკვლელობის საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენება, მართლმსაჯულების კურსის დამახინჯების მიზნით, მას ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებდა“, – წერია პრესრელიზში.
სასამართლომ ასევე განსახილველად დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივრები კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ დაუსაბუთებია თავისი ბრალდება, რომ მისი დევნის უკან არსებობდა ფარული მოტივი, კერძოდ ის ამტკიცებდა, რომ ეს ხელს უშლიდა მის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში. სასამართლომ ამ კუთხით გაითვალისწინა – სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები იყო სერიოზული და დასაბუთებული, საქმის მასალებში არსებობდა მის წინააღმდეგ, როგორც პირდაპირი, ისე თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს სრულიად შეჯიბრებითი პროცესი, რომლის დროსაც მისმა ადვოკატმა შეძლო ყველა მთავარ მოწმესთან დაპირისპირება, მის წინააღმდეგ მტკიცებულებების გასაჩივრება და უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო სათანადოდ დასაბუთებული.