სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სარჩელზე და იუსტიციის მინისტრის გამოხმაურება.

რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეულ დახმარებაზე და უსაფრთხოებაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ინფორმაციას 24 ნოემბრამდე მიაწვდის.  იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება პენიტენციური სამსახურის მაღალი სტანდარტი და ის სრულად შეესაბამება სამინისტროს სულისკვეთებას. რატი ბრეგაძე ყურადღებას ამახვილებს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდებაზე მსჯავრდებულის მიმართ, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ შესახებ, უნდა უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება და მისცეს მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა შიმშილობის შემდგომი აღდგენის პერიოდისთვის. მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და სამართალწარმოების სწორად წარმართვისთვის, სასამართლო მოუწოდებს აპლიკანტს შეწყვიტოს შიმშილობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, მიანიჭოს საჩივარს პრიორიტეტი 41 წესის შესაბამისად. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანი მხარის ადვოკატების მოთხოვნა, რომლებიც მსჯავრდებულის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვდნენ.