სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი არ მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა. მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ „რუსთავის 2“-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა. გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა.