სტოლტენბერგის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

რა იგულისხმა ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოზე გაკეთებული განცხადების დროს – იენს სტოლტენბერგის გზავნილი შიდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემა ხდება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოზე, როგორც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანაზე, საუბრის დროს იმედი გამოთქვა, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს დაიცავენ და მოსკოვს ომის დაფინანსებას არ გაუადვილებენ. სტოლტენბერგის ეს სიტყვები ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლების მისამართით გამაფრთხილებელ გზავნილად აღიქვა, იყო უფრო რადიკალური შეფასებებიც. უკრაინელი ცალკეული მაღალჩინოსნების თუ გარკვეული პოლიტიკური ძალების ბრალდებების პასუხად მმართველი გუნდი ოპოზიციას ახსენებს, რომ საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის არცერთი მტკიცებულება ამ დრომდე არავის წარუდგენია.