პოლიტიკური შეფასებების თემაა კიდევ ერთი სტატია, რომელიც „ფაინეშელ თაიმსში“ გამოქვეყნდა. საქართველო მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დღეებს ითვლის და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთაგან ბევრს სჯერა, რომ ის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ საშუალებას მიმართავს, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“. სტატიის ავტორის შეფასებით, თბილისში ატმოსფერო დაძაბულია და ზოგიერთს ეს ახსენებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როდესაც ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი დაამარცხა. ავტორის წერს, რომ 2024 წლის გაზაფხულზე საქართველოში ათიათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი რუსული სტილის „უცხოელი აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. სტატიის მიხედვით , 2024 წლის 26 ოქტომბრისთვის დანიშნულ არჩევნებში მხოლოდ თბილისის მოსახლეობა რომ აძლევდეს ხმას, ოპოზიციას, შესაძლოა, საქმე გაადვილებოდა, მაგრამ ასე არ არის. „პატარა ქალაქ ახალციხეში, თურქეთის საზღვართან ახლოს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აძლევენ ხმას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ახალციხის მსგავს ადგილებში სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობა მუნიციპალიტეტზე ან სახელმწიფო სტრუქტურებზეა დამოკიდებული. ხალხს ეშინია, ხელისუფლება თუ შეიცვლება, მათი უფროსი შეიცვლება გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლით, რომელიც, თავის მხრივ, გადაანაწილებს სამსახურებსა და კონტრაქტებს საკუთარ მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“. დასკვნაში სტატიის ავტორი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ თუ სამართლიანად გაიმარჯვებს, საქართველო დასავლეთისგან დაშორებას გააგრძელებს; თუ დამარცხდება, მაგრამ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, ქართველები დასავლეთს მიაპყრობენ მზერას, რა შემთხვევაშიც დასავლეთის მთავრობების ქმედებები, შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.