საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან. ამას ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს. პროგრამის შესახებ პირველი პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც სასწავლებლის სტუდენტები სტაჟირების დეტალებს გაეცნენ.
უშუალოდ ენერგეტიკული მიმართულებების გარდა, პროგრამა სხვა პროფილის სტუდენტების სტაჟირებასაც გულისხმობს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ ერთწლიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება.