„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია, 16 წლის წინ გამოცემული, პრეზიდენტის 402-ე დადგენილება და ვიდეო არქივი, – ამ არგუმენტებით მმართველი გუნდი ყოფილ სახელისუფლებო პარტიას აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მანიპულაციებში ადანაშაულებს.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომის დაწყების თარიღად 2014 წლამდე 8 აგვისტოს მიიჩნევდა, უკვე რამდენიმე წელია ომის დაწყების დღედ 7 აგვისტოს აცხადებს. რას უკავშირდება სააკაშვილის გუნდის მიერ პოზიციის ცვლილება – ამ კითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა და მოქმედმა ლიდერებმა დღეს კონკრეტული პასუხი არ გასცეს. მოქმედი ხელისუფლება კი ყოფილს მოღალატეობრივ ქმედებებში ამხელს და 2008 წელს საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. იმ არგუმენტით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აგვისტოს ომის საქმეზე, ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოიგო, მმართველი გუნდი ახლა ღიად აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2008 წელს უმძიმესი პროვოკაცია გააზრებულად მოაწყო. „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებენ, რომ არჩევნების შემდეგ, ყველა კითხვას პასუხი იმ საჯარო სამართლებრივი დავის ფარგლებში გაეცემა, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება ყოფილის წინააღმდეგ დაიწყებს.