სისხლიანი სპეცოპერაციის გაგრძელება. თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ სამ პირთან კავშრიში მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათი აყვანის ოპერაცია ერთდროულად ჩაატარა თბილისში და პანკისის ხეობაში. ამოღებულია დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი. ოპერაციის დროს სპეცრაზმმა ერთ პირს ცეცხლი გაუხსნა, ის თავის არეში დაიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით მამაკაცი ხელყუმბარის გამოყენებას ცდილობდა. ცნობილი ხდება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირების ვინაობაც. ორივე მოკლული რუსეთის მოქალაქე და ინტერპოლის მიერ ძებნილი იყო. გამოძიება ტერორისტების სამიზნეზეც საუბრობს. სუს-ის ცნობით თავდასხმების განხორციელება საქართველოსა და თურქეთში განთავსებულ დიპლომატიურ მისიებზე იგეგმებოდა.