კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას არ წყვეტს.
საქართველოდან წლების წინ წასული სოსო თოფურიძე დაკონკრეტების გარეშე პარტიის ლიდერების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს და პოლიტიკურ გაერთიანებას მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებით ემუქრება. კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე იმ განცხადებებითაა გაღიზიანებული, რომლებიც მისი მხრიდან ნიკა მელიას და პარტიის საქმიანობის კრიტიკის საპასუხოდ ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა გააკეთეს. მაშინ დეპუტატებმა ექს-მაღალჩინოსანს საქართველოში დაბრუნებისკენ და მის მიმართ დაგროვილ კითხვებზე პასუხების გაცემისკენ მოუწოდეს. თოფურიძე ყოფილ მმართველ პარტიას თანამდებობაზე მუშაობის დროს საკუთარ დამსახურებებს ახსენებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს რუსეთის სასარგებლო გზავნილების გაჟღერებაში ადანაშაულებს. წერილი გამაფრთხილებელი გზავნილებითაა სავსე. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ თოფურიძე სხვისი დავალებით მოქმედებს.