სოლიდარობის აქცია რუსთაველის თეატრთან

ხმაური იყო რუსთაველის თეატრთან, სადაც დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა „გილდიამ“ აქცია გამართა. შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მსახიობსა და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

აქციის მონაწილეები შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივი რეაგირებისაკენ მოუწოდებენ. ასევე აცხადებენ, რომ რუსთაველის თეატრის მენეჯმენტი ძალადობას ახალისებს, რაზეც პასუხს კულტურის სამინისტროსგან ითხოვენ.

სიტყვიერი შელაპარაკება თეატრის მსახიობებსა და შეკრებილებს შორის მოხდა. მსახიობები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თეატრის ხელმძღვანელი დასის წევრებზე ძალადობს.