სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

ათასობით მსხვერპლი და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული 300 000-მდე ადამიანი – სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.

1993 წლის 27 სექტემბერს 13-თვიანი და 13-დღიანი საომარი მოქმედებები ქვეყნისთვის უმძიმესი სურათით დასრულდა. რუსეთის და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემდეგ ქალაქ სოხუმზე ყველა მხრიდან ფართომასშტაბიანი იერიში დაიწყო, გადამწყვეტი ბრძოლები 11 დღეს გრძელდებოდა. შეტაკებები უთანასწორო იყო. შეთანხმების მიხედვით, ქართულ სამთავრობო ძალებს შეიარაღების დიდი ნაწილი ამ დროს სოხუმიდან უკვე გაყვანილი ჰყავდათ. შტურმი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე, შენობის წინ დახვრეტილი თავმჯდომარე, სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს წევრები – ასეთი იყო 28 წლის წინანდელი 27 სექტემბერი, ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. ამ მძიმე თარიღიდან 15 წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დღემდე ქვეყნის ნომერ პირველ გამოწვევად რჩება.